ალბომი
ალბომმა The Dark Side of the Moon პინკ ფლოიდს დიდი წარმატება მოუტანა, მაგრამ ამის შემდეგ მუსიკოსები ღელავდნენ იმაზე თუ როგორ უნდა შექმნან მისი დონის შედევრი. მცირე ხნის განმავლობაში ისინი ატარებდნენ ექსპერიმენტებს პროექტის Household Objects ფარგლებში, მაგრამ საბოლოოდ, სხვა მუსიკალურ მასალას მიმართეს. ჯგუფმა დაწერა სამი სიმღერა, Shine On You Crazy Diamond, You Gotta Be Crazy და Raving and Drooling. ამასობაში, Shine On-მა უფრო ვრცელი სახე მიიღო და ვინილის დისკის ერთ მხარეს აღარ ეტეოდა. უოტერსის მოთხოვნით, იგი ორ ნაწილად გაიყო, შუალედში კი ჩაისვა სამი სიმღერა. You Gotta Be Crazy და Raving and Drooling მოგვიანებით შეიტანეს ალბომში Animals, სხვა სახელწოდებებით (Dogs და Sheep), ხოლო ალბომისათვის გამოიყენეს სასათაურო სიმღერა Wish You Were Here და ორი, ბიზნესის მაკრიტიკებელი Welcome to the Machine და Have a Cigar.
ალბომი აგრეთვე აღსანიშნავია რამდენიმე ფაქტის გამო. ეს იყო უკანასკნელი ალბომი (სანამ არ გამოიცა The Division Bell), რომელზეც სიმღერების ავტორებში ნახსენებია რიჩარდ რაიტი. ეს აგრეთვე იყო უკანასკნელი დისკი, რომელზეც აქტიურად მუშაობდა ჯგუფის ოთხივე წევრი. როგორც ეტყობა, სწორედ ამიტომ, რადიოგადაცემაში In the Studio with Redbeard დევიდ გილმორმა და რიჩარდ რაიტმა ახსენეს, რომ Wish You Were Here მათი საყვარელი ალბომია.
ალბომის გაფორმება
თავდაპირველი გამოცემა ვინილის დისკზე წარმოდგენილი იყო შავი კონვერტის სახით. ეს იდეა არ მოეწონა ხმისჩამწერ კომპანიებს და მათ კონვერტი ჩასვეს გამჭვირვალე პოლიეთილენის პაკეტში, რომელზეც დაკრული იყო ალბომის ერთგვარი ლოგო - ორი მექანიკური ხელი ბუნების ოთხი სტიქიის (მიწა, ჰაერი, ცეცხლი, წყალი) ფონზე. შავ კონვერტში იდო ალბომის ნამდვილი კონვერტი - თეთრი მუყაოსგან დამზადებული, რომელსაც ჰქონდა ოდნავ დამწვარი ქაღალდის სახე, ხოლო მთავარ ფოტოსურათზე გამოსახული იყო აალებული ბიზნესმენი, რომელიც ხელს ართმევს მის ანარეკლს. შიდა ყდაზე წარმოდგენილი იყო დამატებითი ელემენტები: უსახური გამყიდველი, რომელიც ყიდის პინკ ფლოიდის პროდუქციას უდაბნოში (მიწა); ქალის შიშველი ფიგურა ჰაერში, რომელიც დამალულია წითელ ალამში (ჰაერი); მოცურავე, რომელიც ხტება მდინარეშე, მაგრამ არ ტოვებს შხეფებს (წყალი). კომპანიამ Columbia ვინილის დისკი გამოსცა განსხვავებული სახით. მასზე, დამწვარი ბიზნესმენი უფრო მხრებში გამართული იდგა, ვიდრე წინ დახრილი. Columbia-მ უფრო ცნობილი ფოტო გამოიყენა მხოლოდ 1984 წლის კომპაქტ დისკის გამოცემაზე და ამ სტილს იცავდა შემდგომ გამოცემებშიც. საინტერესოა, რომ ალბომის ვინილის გამოცემაში შიშველი ქალი უფრო გამოკვეთილად ჩანს, ვიდრე კომპაქტ დისკის ბუკლეტზე. აგრეთვე კომპაქტ დისკის ბუკლეტზე მოცურავის ფოტო უფრო დიდია და უფრო მეტი გორაკი ჩანს, ხოლო დამატების სახით ბუკლეტს ახლავს ჯგუფის სტუდიური ფოტოები.
სიდ ბარეტის ვიზიტი
ნიკ მეისონის წიგნის Inside Out: A Personal History of Pink Floyd თანახმად, სიდ ბარეტი სტუდიაში 1975 წლის 6 ივნისს გამოჩნდა. ამას აგრეთვე ხაზს უსვამს ნიკოლას შეფნერის წიგნი Saucerful of Secrets: The Pink Floyd Odyssey. იმავე დღეს, დევიდ გილმორსა და მის საცოლეს, ჯინჯერს ნიშნობა ჰქონდათ, თუმცა 2003 წლის ფილმში The Pink Floyd and Syd Barrett Story უარყოფს, თითქოს ეს ცერემონია იმავე დღეს შედგა. ჯგუფის არც ერთ წევრს ხუთი წლის განმავლობაში ბარეტი არ უნახავს. იგი სრულიად მოულოდნელად გამოცხადდა და ყველა შეაშინა თავისი ახალი იერით - იყო საოცრად მსუქანი, თმა- და წარბგაპარსული. თავდაპირველად ის არავინ იცნო. მაგრამ უოტერსი იყო პირველი, რომელმაც იგი შეამჩნია. ერთ-ერთი სიმღერის (როგორც ცნობილია, ეს იყო Shine On You Crazy Diamond) მოსმენისას ბარეტი გაუნძრევლად იჯდა, ისმენდა ყველაფერს, ხოლო მას შემდეგ, რაც ვიღაცამ ითხოვა სიმღერის კიდევ ერთხელ ჩართვა, სიდმა იკითხა: რატომ, თქვენ ხომ უკვე მოისმინეთ?. გარდა ამისა, ბარეტმა იკითხა, შეუძლია თუ არა რამე სახის დახმარება გაუწიოს ჯგუფს, თუმცა, რა თქმა უნდა, მისი შემოთავაზება არავინ გამოიყენა. მოგვიანებით, ჯგუფის ტექნიკოსს, ფილ ტეილორს იგი დერეფანში შეხვდა და იკითხა, სად არის ლიფტი. უფრო მოგვიანებით მან თავი ამოჰყო გილმორის ნიშნობაზე, ბევრი იცინა, ყველა გააკვირვა და გაქრა მხოლოდ მაშინ, როდესაც ერთ-ერთ დამსწრეს იგი კრიშნაიტი ეგონა. გილმორის თქმით, იმ დღის შემდეგ მას სიდი არ უნახავს, ხოლო უოტერსი იხსენებს, რომ მან შემთხვევით დაინახა სიდი ჰეროდსის მაღაზიაში, თუმცა მასთან არ მისულა. ბარეტისადმი კიდევ ერთი მიძღვნის სახით, ალბომის ფინალში რაიტი უკრავს რამდენიმე ნოტს სიმღერიდან See Emily Play.
გამოხმაურება პრესაში
2007 წელს გერმანიის ერთ-ერთმა ცნობილმა რადიოსადგურმა WDR 2, მსმენელთა გამოკითხვის შემდეგ Wish You Were Here შეიტანა ყველა დროის 200 საუკეთესო ალბომის სიაში, #1 ადგილზე. 1998 წელს, ჟურნალ Q-ს მკითხველებმა ალბომი თავისი საყვარელი ალბომების სიის #34 ადგილზე შეიტანეს. 2000 წელს იმავე ჟურნალმა დისკი ყველა დროის 100 საუკეთესო ბრიტანული ალბომის სიის #43 ადგილზე მოაქცია.
No comments:
Post a Comment