The Dark Side of the Moon — ინგლისურ პროგრესულ როკ ჯგუფ პინკ ფლოიდის მერვე სტუდიური ალბომი, გამოცემული 1973 წლის მარტში. იგი ეფუძნება ჯგუფის მიერ მანამდე შექმნილ ჩანაწერებსა და საკონცერტო გამოსვლებს, თუმცა არ შეიცავს ვრცელ ინსტრუმენტულ პიესებს, რომლებიც პინკ ფლოიდის შემოქმედებას ახასიათებდა 1968 წლიდან, მას შემდეგ, რაც იგი დატოვა მუსიკისა და ტექსტების თანაავტორმა, სიდ ბარეტმა. The Dark Side of the Moon-ში მიმოხილულ თემებს შორის არის კონფლიქტები, სიხარბე, დრო და გონებრივი შეშლილობა, რაც შთაგონებული იქნა ბარეტის პიროვნებითაც.
სიმღერების ეს ციკლი დაიხვეწა საკონცერტო გამოსვლების პერიოდში და პირველად წარდგენილი იქნა სტუდიური ჩანაწერის გამოსვლამდე. ახალი მასალა 1972 და 1973 წლებში, ები როუდის სტუდიებში (ლონდონი) იწერებოდა. ჯგუფი იყენებდა თავისი დროის ყველაზე ახალ ხმისჩამწერ ტექნიკას, მაგალითად, მრავალფირიან ჩასაწერ მოწყობილობებსა და ფირების მარყუჯებს. რამდენიმე სიმღერაში გამოყენებული იქნა ანალოგური სინთეზატორები და ჯგუფის ტექნიკურ პერსონალთან საუბრების ნაწყვეტები, სადაც ჟღერს სხვადასხვა საკითხის ფილოსოფური განხილვა. ხმის ინჟინერმა ალან პარსონსმა ალბომის ჟღერადობაზე და სტუდიაში კლერ ტორის დამატებითი ვოკალისტის მოყვანის სახით იზრუნა. ალბომის საკულტო სტატუსის მქონე ყდაზე გამოსახული პრიზმა ასახავს ჯგუფის სასცენო განათებას, ტექსტების თემებსა და მუსიკოს რიჩარდ რაიტის მიერ „უბრალო და ნათელი“ დიზაინის შექმნის იდეას.
გამოსვლისთანავე, The Dark Side of the Moon წარმატებულ ნაწარმოებად იქცა, მოექცა რა ბილბორდის 200-ეულში. 1973-1988 წლებში ალბომი ჩარტებში სულ 741 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა, რაც მუსიკის ისტორიაში ყველა სხვა ალბომთან შედარებით უნიკალურ მოვლენად ითვლება. დღეისათვის გაყიდულია მისი დაახლოებით 50 მილიონი ასლი და იგი რჩება პინკ ფლოიდის ისტორიაში კომერციულად ყველაზე წარმატებულ და მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად ალბომად. მისი რემასტერინგი ორჯერ ჩატარდა. ალბომი არაერთხელ გამოცემულა განახლებული სახით ან მთლიანად შესრულებულა სხვა მუსიკოსების მიერ. მასში შეტანილია სინგლების სახით გამოცემული სიმღერები, „Money“და „Time“. კომერციული წარმატების გარდა, The Dark Side of the Moon არის კრიტიკოსთა და მოყვარულთა ერთ-ერთი საყვარელი ჩანაწერი და ხშირად აღინიშნება, როგორც ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი როკ-ალბომი.
შექმნა
1971 წელს ალბომის Meddle გამოშვების შემდეგ დეკემბერში ჯგუფმა დაიწყო ტურნე ბრიტანეთში, იაპონიასა და აშშ-ში. ბროუდჰერსტ გარდენსის (ლონდონი) ტერიტორიაზე რეპეტიციისას ახალ ალბომზე არც უფიქრიათ, თუმცა მუსიკოსების პრიორიტეტი იყო ახალი მასალის ჩაწერა. კემდენში, ნიკ მეისონის სახლში შეხვედრისას როჯერ უოტერსმა გამოხატა ვარაუდი, რომ ალბომი იქცეოდა ახალი ტურნეს ნაწილად. უოტერსის ჩანაფიქრი უკავშირდებოდა ადამიანთა შეშლილობის მიზეზებს, ჯგუფის დაძაბული ცხოვრების ელემენტებს და სიდ ბარეტის პრობლემებს. კონცეპტუალური პროგრამის შედგენის მცდელობას ადგილი ჰქონდა 1969 წელს, პროგრამით The Man and the Journey. ჟურნალთან Rolling Stoneსაუბრისას დევიდ გილმორმა განაცხადა: ...ალბათ ყველა - და განსაკუთრებით, როჯერი - ფიქრობდა, რომ ჩვენს მიერ სიმღერებში ტექსტები ნაკლებად პირდაპირი იყო. რა თქმა უნდა, იგრძნობოდა, რომ ტექსტები უნდა ყოფილიყო უფრო აშკარა და სპეციფიური. ოთხივე წევრი ეთანხმებოდა უოტერსის კონცეფციას,რომელიც ალბომის საერთო თემას უკავშირდებოდა.უოტერსი, მეისონი და გილმორი მონაწილეობდნენ მუსიკის დაწერასა და ახალი მასალის პროდიუსირებაში, ხოლო უოტერსმა ისლინგტონში მდებარე სახლის ფარდულში ჩაწერა სიმღერების პირველი დემო ვერსიები. ახალი ალბომის ნაწილი აღებული იქნა ადრეული, გამოუცემელი მასალიდან: სიმღერის Breathe პირველი სტრიქონი აღებულია უოტერსისა და რონ გისინის მიერ დაწერილი ალბომის The Body ერთ-ერთი სიმღერიდან, ხოლო Us and Them-ის საფუძვლად იქცა კომპოზიცია, რომელიც რიჩარდ რაიტმა დაწერა ფილმისათვის „ზაბრისკი პოინტი“. ლონდონში, ჯგუფ როლინგ სტოუნზის კუთვნილ საწყობსა და თეატრში „რეინბოუ“ პინკ ფლოიდი გადიოდა რეპეტიციებს. მათ ასევე შეიძინეს დამატებითი ტექნიკა, რომელშიც შედიოდა ხმის მიქსის 28 არხზე შესასრულებელი პულტი, კვადროფონული ხმის სისტემა და ახალი განათება. სამი სატვირთო მანქანით ხდებოდა 9-ტონიანი ტექნიკის გადაზიდვა. პირველად, თავის შემოქმედებაში, პინკ ფლოიდმა ტურნეზე მთლიანი ალბომი გაიტანა, მაგრამ ეს მათ საშუალებას აძლევდა, ახალი მასალა ბოლომდე დაეხვეწათ. სიმღერების ახალ ციკლს წინასწარ უწოდეს Dark Side of the Moon (აქ კავშირი იყო შეშლილობასთან და არა ასტრონომიასთან.თუმცა, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ჯგუფი Medicine Headსაკუთარი ალბომისათვის იგივე სათაურს იყენებდა, სახელწოდება Eclipse-ით შეცვალეს. ახალი მუსიკალური მასალა პირველად წარდგენილი იქნა ბრაიტონში, 1972 წლის 20 იანვარს.მას შემდეგ, რაც Medicine Head-ის ალბომი კომერციულად წარუმატებელი აღმოჩნდა, ციკლს დაუბრუნეს ძველი სახელწოდება.
Dark Side of the Moon: A Piece for Assorted Lunatics, როგორც მას თავდაპირველად უწოდეს, პრესის წარმომადგენლების წინაშე 1972 წლის 17 თებერვალს შესრულდა - ალბომის სახით გამოცემამდე დაახლოებით ერთი წლით ადრე.მას მაღალი შეფასება მიეცა. დერეკ ჯუელი (The Sunday Times) წერდა - „პინკ ფლოიდის არტისტული მიზნები უსაზღვროა“ თუმცა,Melody Maker ნაკლებ ენთუზიამზს გამოხატავდა - „მუსიკალურად აქ ბევრი მშვენიერი იდეაა, მაგრამ ხმოვანი ეფექტების მოსმენისას უფიქრდები, ლონდონის ზოოპარკში ფრინველების გალიაში ხომ არ იმყოფები.“ ამის შემდეგ გამართული ტურნე მაყურებელმა დადებითად მიიღო. ახალი მასალა სრულდებოდა ცოცხლად, სწორედ იმ თანმიმდევრობით, რომელიც ალბომზე იყო წარმოდგენილი, მაგრამ ერთი წლის შემდეგ გამოცემულ ფირფიტაზე შეიმჩნეოდა აშკარა განსხვავებები რამდენიმე კომპოზიციას შორის. ასეთები იყო On the Run-ის შეცვლილი ვერსია და ბიბლიის ტექსტები, რომლებიც The Great Gig in the Sky-ში კლერ ტორის ვოკალმა შეცვალა. ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში ხანგრძლივმა ტურნემ ჯგუფს მისცა საშუალება, საკონცერტო გამოსვლების მასშტაბები და ხარისხი გაეზარდა. სტუდიურ სესიებს ადგილი ჰქონდა ტურნეს თარიღებს შორის. რეპეტიციები დაიწყო 1972 წლის 20 იანვარს, ინგლისში, მაგრამ თებერვლის ბოლოს ჯგუფი გადაფრინდა საფრანგეთში, სადაც რეჟისორ ბარბეტ შროდერის ფილმის„ველი“ მუსიკაზე მუშაობდა.შემდეგ ჯგუფი გამოვიდა იაპონიაში, ხოლო მარტში დაუბრუნდა საფრანგეთს, რათა ფილმის მუსიკაზე მუშაობა დაესრულებინა. ჩრდილოეთ ამერიკაში გამართული კონცერტების შემდეგ პინკ ფლოიდი კვლავ ლონდონში იყო, სადაც 24 მაისიდან 25 ივნისამდე იწერდა ახალ ალბომს. 1973 წლის 9 იანვარს, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში კონცერტების შემდეგ ჯგუფი დაბრუნდა, რათა დაესრულებინა ალბომზე მუშაობა.
კონცეფცია
The Dark Side of the Moon აგებული იქნა ექსპერიმენტებზე, რომლებიც შეიმჩნეოდა ჯგუფის საკონცერტო გამოსვლებსა და წინა ჩანაწერებში, მაგრამ მასში ნაკლებია ინსტრუმენტული იმპროვიზაციები, რომლითაც, დევიდ ფრიკეს აზრით, ჯგუფის მუსიკა ხასიათდებოდა სიდ ბარეტის წასვლის შემდეგ. გიტარისტი დევიდ გილმორი, რომელიც მას ჩაენაცვლა, მოგვიანებით ამ ინსტრუმენტულ ნომრებს „გულუბრყვილო ფსიქოდელიურს“ უწოდებდა და ისევე როგორც უოტერსი, 1971 წლის ალბომსMeddle თვლიდა გარდამტეხ წერტილად, რომელიც წარმოადგენდა The Dark Side of the Moon-ისკენ მიმავალ გზას. ალბომის ტექსტები ეხებოდა კონფლიქტებს, სიხარბეს, დროის მსვლელობას, სიკვდილს, შეშლილობას. უკანასკნელზე გავლენა იქონია სიდ ბარეტის ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუარესებამ. ალბომი ცნობილია „კონკრეტული მუსიკის“ გამოყენებით და კონცეპტუალური, ფილოსოფიური ტექსტებით, რაც ჯგუფის სხვა ნამუშევრებშიც შეიმჩნევა. ალბომი იწერებოდა ები როუდზე, 1972 წლის ივნისსა და 1973 წლის იანვარს შორის. სესიების დროს გამოიყენებოდა საუკეთესო მუსიკალური ტექნიკა და ყველაზე მდიდარი ხმის ეფექტების ბიბლიოთეკა.
ტრადიციულ ინსტრუმენტებთან ერთად, მუსიკას დაემატა სინთეზატორი VCS3, რომელზეც აგებულია On the Run. რამდენიმე სიმღერაში (მაგალითად, Us and Them და Time) წარმოდგენილია რაიტის და გილმორის ხმების ჰარმონია. დოკუმენტურ ფილმში ამ ალბომის შესახებ როჯერ უოტერსი განსაკუთრებით აღნიშნავს ჯგუფისათვის დამახასიათებელ ამ თვისებას. სტუდიაში ალან პარსონსის დახმარებით გილმორმა ასევე საკუთარ ხმას ისევ და ისევ საკუთარი ვოკალური პარტია შეუხამა, რამაც კიდევ ერთი ორიგინალური ჰარმონია მოიტანა.
ყველა ტექსტის ავტორი — როჯერ უოტერსი.
No comments:
Post a Comment