The Wall

                The Wall (ქართ. კედელი) — ჯგუფ პინკ ფლოიდის ალბომი. გამოცემული ორმაგი ალბომის სახით 1979 წლის 30 ნოემბერს, იგი ასევე ადაპტირებული იქნა სასცენო შოუს და ფილმის „პინკ ფლოიდი: კედელი“ სახით. ისევე, როგორც ჯგუფის წინა სამი სტუდიური ალბომი, The Wall კონცეპტუალური ალბომია და განიხილავს საზოგადოებისგან გარიყვისა და პიროვნების გაუცხოების თემას. მისი ერთგვარი ჩანასახი გამოჩნდა ჯგუფის 1977 წლის ტურნეს In The Flesh პერიოდში. ჯგუფის ბას გიტარისტმა და ტექსტების ავტორმა როჯერ უოტერსმა იგრძნო ჯგუფის მსმენელისგან გაუცხოება. მან წარმოიდგინა კედელი, რომელსაც მსმენელსა და მუსიკოსებს შორის აღმართავდა. ალბომი ერთგვარი როკ ოპერის სახეს ატარებს, რომლის ცენტრალური პერსონაჟია პინკი, რომლის პროტოტიპია უოტერსი ან სიდ ბარეტი. პინკის ცხოვრება იწყება მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მამის დაკარგვით და გრძელდება სკოლის მასწავლებლების მხრიდან ცუდი დამოკიდებულებით. ამის გარდა, უსიამოვნო ფაქტორებს წარმოადგენს ზედმეტად მზრუნველი დედა და საბოლოოდ, წარუმატებელი ქორწინება. ყოველი ამ მოვლენიდან იქცევა პინკის საზოგადოებისგან გარიყვის მორიგ მიზეზად, „აგურად“, რომელიც მეტაფორულ კედელს ემატება. The Wall-ში შეიმჩნევა უფრო უკმეხი და თეატრალიზებული სტილი, ვიდრე პინკ ფლოიდის წინა ალბომებში. რიჩარდ რაიტმა ამ დროისათვის ჯგუფი სტუდიური მუსიკოსის სახით დატოვა, მაგრამ დაბრუნდა დაქირავებული მუსიკოსის სახით, ტურნეს The Wall (1980-1981) ფარგლებში. გამოცემისთანავე კომერციული წარმატების მომტანი ეს ალბომი იქცა 1980 წლის ერთ-ერთ გაყიდვად ჩანაწერად და 1999 წლისათვის აშშ-ში 11.5 მილიონზე მეტი ასლის ოდენობით გაიყიდა. მსოფლიო მასშტაბით გაიყიდა მისი 23 მილიონზე მეტი ასლი. ჟურნალმა „როლინგ სტოუნი“ The Wall შეიტანა სიის „ყველა დროის 500 საუკეთესო ალბომი“ 87-ე პოზიციაზე.

          ჯგუფის 1977 წლის ტურნე In The Flesh იყო პირველი, რომელიც მოიცავდა დიდ სტადიონებს. 1977 წლის ივლისში, მონრეალში გამართული შოუს დროს მოყვარულთა მცირე ჯგუფი, რომელიც სცენის წინ იმყოფებოდა, იმდენად გამაღიზიანებლად მოქმედებდა როჯერზე თავისი ყვირილით, რომ მან ერთ-ერთ მათგანს შეაფურთხა. არა მხოლოდ უოტერსი იყო უკმაყოფილო შოუთი. უარი ტრადიციული ბლუზური იმპროვიზაციის შესრულებაზე დევიდ გილმორმაც თქვა. იმავე საღამოს უოტერსი ბრუნდებოდა საკუთარ ნომერში - მას შემდეგ, რაც მენეჯერ სტივ ო’რურკთან ჩხუბისას დაიზიანა ტერფი. იგი ესაუბრებოდა პროდიუსერ ბობ ეზრინსა და მის მეგობარ ფსიქიატრს გაუცხოების შეგრძნებაზე, რომელიც იმ ტურნეს მსვლელობისას ჰქონდა. მან განაცხადა, რომ სურდა ხალხისგან დამალვა სცენაზე გიგანტური კედლის აშენებით. დევიდი და რიჩარდ რაიტი საფრანგეთში საკუთარ სოლო ალბომებს იწერდნენ, ნიკ მეისონი მუშაობდა პროდიუსერად სტივ ჰილიჯის ალბომზე Green. ამასობაში უოტერსმა ახალი მასალის შექმნა დაიწყო. ფურთხის ინციდენტი იქცა ახალი კონცეპციის საწყის წერტილად. სიუჟეტი მიმოიხილავდა მთავარი პერსონაჟის თვითიზოლირებას სამყაროსთან მრავალწლიანი დამღუპველი ურთიერთობის შემდეგ. ამას ახლდა სხვა პერსონაჟების ფაქტორიც, რომელთა შორის ასევე იგულისხმებოდა საკუთარი მამის ომში დაკარგვა (ისევე როგორც როჯერის შემთხვევაში იყო). The Wall-ის კონცეპციის შემუშავება ნიშნავდა შემსრულებლის მსმენელისგან გარიყვის ანალიზს, რასაც მეტაფორული და თეატრალური საშუალებებით ერთგვარი სტრუქტურა მიენიჭებოდა. 1977 წლის ივლისში ჯგუფი შეიკრიბა სტუდიაში Britannia Row, სადაც უოტერსმა კოლექტივს უჩვენა ორი ახალი ალბომის კონცეპფცია. ესენი იყო: 90 წუთიანი დემო Bricks in the Wall (აგურები კედელში) და პროექტი მამაკაცის შესახებ, რომელიც სიზმრებს ხედავს და განიხილავს მონოგამიის, ქორწინების, სექსისა და ოჯახური ცხოვრების საკითხებს. ჯგუფმა სამუშაოდ აირჩია პირველი ჩანაწერი, ხოლო მეორე იქცა როჯერის პირველ სოლო ალბომად The Pros and Cons of Hitch Hiking. სექტემბრისათვის ჯგუფი განიცდიდა ფინანსურ სირთულეებს. ნორტონ უორბურგის ფინანსური ჯგუფის მიერ პინკ ფლოიდის საკუთრებაში არსებული 1.3-3.3 მილიონი გირვანქა სტერლინგი ინვესტირებული იქნა საეჭვო დანიშნულებით. თუკი თავდაპირველად ამ გადაწყვეტილების მიზანი იყო ჯგუფის მხრიდან გადასახადების შემცირება, შედეგმა მოიტანა მათი 83 პროცენტით გაზრდა.


              უორბურგის ჯგუფთან კონტრაქტი გაუქმებული იქნა. პინკ ფლოიდმა მოითხოვა გამოუყენებელი ფულის დაბრუნება. ამასობაში დადგა ალბომის ჩაწერის დროც, რასაც ასევე თანხები ესაჭიროებოდა. ვინაიდან 26 სიმღერა, შერჩეული ალბომისათვის, წარმოადგენდა ყველა წინა მცდელობასთან შედარებით თამამ ნაბიჯს, უოტერსმა, შეყვარებულ კეროლაინ კრისტის ინიციატივით, სტუდიაში ბობ ეზრინი მოიყვანა, რომელსაც უნდა ეზრუნა კონცეპციის დალაგებასა და მასალის ოპტიმიზაციაზე. თავდაპირველად უოტერსმა მას უთხრა, რომ შეეძლო ყველაფრის გაკეთება, მაგრამ სანაცვლოდ ალბომის ყდაზე იგი ნახსენები არ იქნებოდა. სიუჟეტზე მუშაობის შემდეგ მან და ბობმა დაასრულეს 40 გვერდიანი სცენარი. სიუჟეტური ჩიხიდან გამოსვლამ ჯგუფს მეტი სტიმული მიანიჭა. ბობმა განავრცო ძირითადი სიუჟეტური ხაზი, მოაკლო მას ყველაფერი, რაც ეხებოდა უოტერსის ავტობიოგრაფიას და წარმოადგინა კრებითი პერსონაჟი პინკი. ინჟინერ ნიკ გრიფითსის აზრით, როჯერსა და დევიდს შორის არსებული სადავო საკითხები ალბომის ჟღერადობაზე სწორედ ეზრინმა გადაწყვიტა. მასალის დიდი ნაწილი ეკუთვნოდა როჯერს, გილმორი იყო სიმღერების Comfortably Numb, Run Like Hell და Young Lust, ხოლო ეზრინი - The Trial-ის თანაავტორი.

 კონცეფცია


 The Wall არის როკ-ოპერის ფორმის ნაწარმოები. მისი ძირითადი თემაა პიროვნების იზოლაცია საზოგადოებისგან, გამოხატული კედლის მეტაფორული სიმბოლოთი. ძირითადად ყველა სიმღერით წარმოდგენილია მოვლენების ქრონოლოგია. პინკის მამა მოკლულია მეორე მსოფლიო ომში. მისი პიროვნების ჩამოყალიბებაში მკვეთრად მონაწილეობს ზედმეტად მზუნველი დედა, სკოლის მასწავლებლების მხრიდან უხეში მოპყრობა კი ნამდვილ კოშმარად აქცევს მის ცხოვრებას. ყოველი ასეთი მოვლენა იქცევა „კიდევ ერთ აგურად კედელში“. მომავალში პინკი როკ-ვარსკვლავი ხდება. წარუმატებელი ქორწინების ფონზე, იგი ნარკოტიკების ხშირი მომხმარებელია. ცოლთან ფიასკოს შემდეგ პინკი საბოლოოდ ასრულებს საკუთარ კედელს და განერიდება სამყაროს. კედლის მიღმა დამალული პინკი საკუთარ ჰალუცინაციებში მოგზაურობს. თავის კონცერტებს იგი ნეო-ნაცისტური პარტიის სხდომებს ადარებს. ისტორიის დასასრულს ის საკუთარ თავს სასამართლოზე გაიყვანს და თავად განიხილავს საკუთარ პიროვნებას დედის, მოსამართლის, ბრალმდებლის, ცოლისა და მასწავლებლის პოზიციიდან. განაჩენია კედლის დანგრევა. მაგრამ ალბომის ბოლოს გაჟღერებული ვიოლინოს ხმა მოულოდნელად წყდება და კვლავ გრძელდება მის პირველ კომპოზიციაში In the Flesh? - სავარაუდოდ, იმ მინიშნებით, რომ მსგავსი ისტორიები ციკლურ ხასიათს ატარებენ.
 

No comments:

Post a Comment