პინკ ფლოიდი წიგნი
საჩუქარი მელომანებს და არა მხოლოდ...
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა უჩვეულო სერიის “ილუსტრირებული ბიოგრაფიების” გამოცემას “ბითლზის” და “ფინქ ფლოიდის” ალბომებით იწყებს, რომელიც მოიაზრებს, მსოფლიო მუსიკის ლეგენდების შესახებ არა მხოლოდ ტექსტის, ფოტოების დახმარებითაც მოგვითხროს. ტექსტიც და ფოტოც ჯგუფის ცხოვრების ქრონოლოგიას მიჰყვება და იმ იშვიათ ამბებს გვახსენებს, რომელსაც ინტერნეტში ვერ ნახავთ. ბრიტანულმა გამომცემლობამ “ატლანტიკ პრესმა”, რომლისგანაც “სულაკაურის გამომცემლობამ” ბეჭდვის უფლება მოიპოვა, ილუსტრირებული ბიოგრაფიების სერია სწორად გათვალა, რადგან ამგვარი წიგნები არათუ საჩუქარი, ბიბლიაა მელომანებისათვის, ვისთვისაც მუსიკა ცხოვრებაში ყველაფერზე მეტად მნიშვნელოვანია, რადგან თვლიან, რომ ეს ისეთივე სტიქიური ენერგიაა, როგორც ცეცხლი და წყალი. ხოლო როცა პირველი მოსმენისთანავე ხვდები, რომ ეს ოთხი ლივერპულელი ბიჭი სწორედ შენთვის და შენი თაობისთვის მღეროდა და “ფინქ ფლოიდის” ფსიქოდელიური მუსიკა შენს სისხლშიც პულსირებს, მელომანობა არ არის საჭირო, უბრალოდ, ხელოვნების ძალას გრძნობ. “ილუსტრირებული ბიოგრაფიების” სერიით, “ბითლზის” და “ფინქ ფლოიდის” გარდა, ბრიტანეთში უკვე გამოცემულია სხვადასხვა ჯგუფებისა და შემსრულებლების ალბომები: “როლინგ სტოუნზის”, ელტონ ჯონის, ბობ დილანის, “ლედ ზეპელინის”, მადონას... სერიის ისტორია სულ ორ წელიწადს ითვლის და გრძელდება. როგორც სერიის ქართული ვერსიების რედაქტორმა და “პინკ ფლოიდის” მთარგმნელმა ნინო გოგალაძემ გვითხრა, მართალია, საქართველოში სპეციალური გამოკითხვა არ ჩაუტარებიათ, მაგრამ პირველი წიგნების შერჩევისას მსოფლიო ტენდენცია გაითვალისწინეს. თუმცა კი, საქართველოშიც უამრავი, სხვადასხვა თაობის ბითლომანია, არსებობს ასევე ოფიციალური ქართული საიტები “ფინკ ფლოიდის” და “ბითლზის”. ნინო გოგალაძე: “მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობიდან ვარ “ფინქ ფლოიდის” მოყვარული, თარგმნისას ბევრი ახალი რაღაც გავიგე. ტექსტები ჯგუფის წევრების ინტერვიუებზე დაყრდნობითაა შექმნილი და გამიზნულად დაწერილია მოკლედ, პოპულარული ენით, ისეთი, როგორიც უნდა იყოს ალბომში. მოთხრობილია ისტორიები ჯგუფების ჩამოყალიბებიდან დაშლამდე. ამ წიგნების მიზანია, მკითხველის თვალწინ გააცოცხლოს ლეგენდარული ჯგუფების მოღვაწეობა, ეპოქა, კონცერტები თუ მოგზაურობა და ზუსტი აქცენტებით მიანიშნოს, რის გამოა ეს მუსიკა ფასეული, როგორ იქცნენ უბრალო ბიჭები ლეგენდებად.
ალბომებს დართული აქვს დისკოგრაფია და ქრონოლოგია.” “ფინქ ფლოიდის” ალბომი ჯგუფის პირველი ოთხეულის უძველესი ფოტოსურათით იხსნება. 1960-იანი წლების ფოტოზე ერთად არიან როჯერ უოტერსი, ნიკ მეისონი, სიდ ბარეტი და რიჩარდ რაიტი. ეს ის დროა, როცა ბენდს ჯერ “ლეონარდის მდგმურები” ერქვა, შემდეგ - “სპექტრუმ 5”, შემდეგ - “ჩაის სერვიზი”. ამგვარი ძიებების შემდეგ სიდ ბარეტმა მოულოდნელად მოიფიქრა ახალი სახელი - “ფინქ ფლოიდ”. მან თავისი უსაყვარლესი მუსიკოსების - ფინქ ანდერსონისა და ფლოიდ კონსილის სახელები შეაერთა. ფოტოებზე დეტალურადაა ასახული კონცერტები. აქ ნახავთ 1966 წლის 15 ოქტომბრის პირველ შოუს და 1966 წლის ნოემბრის ფსიქოდელიურ კონცერტს ჰორნსის ხელოვნების კოლეჯის სცენაზე. კონცერტზე განათების ეფექტების გამოყენების იდეა ჯგუფს ძველმა წევრმა მაიკ ლეონარდმა მიაწოდა, რომელიც სინათლისა და ხმის სისტემის განვითარებაზე მუშაობდა ჰორნში. სისტემა სინათლის ეფექტების გაკონტროლებას გულისხმობდა ხმის მიხედვით და თავდაპირველად ჩაწერილ, შემდეგ კი ცოცხლად შესრულებულ მუსიკაშიც გამოიყენებოდა. ფერადი და მოძრავი მანათობელი ეფექტებით გაფორმებული სასცენო შოუ მალე “ფინქ ფლოიდის” სავიზიტო ბარათად იქცა. 200-გვერდიან ალბომში ფოტოებს ორი მესამედი უკავია, რომლებიც გადაღებულია კონცერტებზე, რეპეტიციისას, ხმის ჩამწერ სტუდიებში, აქ არის პროექცირებული გამოსახულებები, ყოველდღიური სცენები, ტურნეები. და კიდევ ფოტოგრაფ ენდრიუ ვიტაკის ცნობილი ფსიქოდელიური ფოტოსესია. ენდრიუ ვიტაკმა სტუდიაში “ფინქ ფლოიდის” შოუს მსგავსი განათება მოაწყო და ჯგუფის წევრებს მომაჯადოებელი ფოტოები გადაუღო. LSD-თი გატაცების გამო სიდ ბარეტის ჯგუფიდან წასვლის შემდეგ ფოტოებზე დევიდ გელმორი ჩნდება. ამ ნაწილს ალბომში ახალი სახელი “დედა ატომის გულით” ჰქვია და შეგვიძლია თვალი გავადევნოთ ახალ შემადგენლობას 1970 წლის ნომერ პირველი ჰიტიდან 2005 წლის “ლაივ 8”-მდე, როცა დევიდ გილმორი, როჯერ უოტერსი, ნიკ მეისონი და რიჩარდ რაიტი 24-წლიანი შუალედის შემდეგ ლონდონში კვლავ შეიკრიბნენ. ეს საქველმოქმედო კონცერტი იყო “დიდი რვიანის სამიტის” წინ, რომელიც შოტლანდიაში იმართებოდა. მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში “ლაივ 8”-ის ანალოგიური ცხრა კონცერტი ჩატარდა, რომლის მიზანიც იყო, შეკრებილ პუბლიკას საკუთარი სახელები ჩამოეწერა და “დიდი რვიანის” ლიდერებისთვის გადაეცათ მესამე სამყაროს ქვეყნებში არსებული სიღატაკისა და შიდსთან ბრძოლის მოთხოვნით. ნიკ მეისონი ამბობდა, ამ თუ არა, სხვა რომელიმე საქველმოქმედო კონცერტზე მაინც შევიკრიბებოდითო, მაგრამ ფაქტია, პირველი ნაბიჯი როჯერ უოტერსმა გადადგა და დევიდ გილმორს დაურეკა. კრიტიკოსები თუ თაყვანისმცემლები ამბობდნენ, რომ ეს ერთ-ერთი საუკეთესო კონცერტი იყო ჯგუფის ისტორიაში. ახალგაზრდა მელომანები კი, პირველად რომ მოისმინეს ჯგუფის გამოსვლა, “ფინქ ფლოიდის” თაყვანისმცემელთა რიგებს შეუერთდნენ. ჯგუფი სცენაზე მათსავე სიმბოლომ - გულისცემის ხმამ და დიდ ეკრანზე გამოსახულმა კარდიოგრაფიულმა გამოსახულებამ წარადგინა. თაყვანისმცემლები ფიქრობდნენ, რომ ამ კონცერტის შემდეგ “ფინქ ფლოიდი” კვლავ ერთად განაგრძობდა დაკვრას”, მაგრამ იმედი გაუცრუვდათ. “ილუსტრირებული ბიოგრაფიების” სერიის მეორე ალბომი - “ბითლზი”, შეიძლება ითქვას, იმ სიურპრიზის გაგრძელებაა, რომელსაც ქართველი გამომცემლობები ბითლომანებს სთავაზობენ. გასულ წელს, სერიით “ადამიანები, რომლებმაც შეცვალეს მსოფლიო”, გამოვიდა “ბითლზის” ბიოგრაფის ჰანტერ დევისის ცნობილი ნაშრომი, რომელიც შეიცავს ჯგუფის წევრთა ინტერვიუებსა და საერთოდ ყველაფერს ამ ჯგუფის შესახებ. წიგნი პირველად 1968 წელს გამოვიდა, 90-იანებში კი მწერალმა იგი ხელახლა გადაამუშავა. რასაკვირველია, ყველაფრის ნახვა და წაკითხვა ინტერნეტშიც შეგვიძლია, მაგრამ წიგნებს სულ სხვა დატვირთვა აქვს მელომანისათვის, ისევე როგორც დისკებს და ფოტოებს. ფოტოები კი, შეიძლება ითქვას, ამ ლეგენდარულ ოთხეულს მართლაც რომ გამორჩეული აქვთ, ეს ხომ ის ადამიანები არიან, რომლებმაც სცენაზეც და ცხოვრებაში უშუალო და თავისუფალი ქცევის სტილი დაამკვიდრეს. ამიტომ ეს ხალისიანი ფოტოები, როგორც დამოუკიდებელი ნამუშევრები, თავისთავად ფასეულობას წარმოადგენს ფოტოხელოვნების ისტორიისათვის. წინამდებარე ალბომი, როგორც სარჩევი, გვამცნობს ჯგუფის გრძელი და მიხვეულ-მოხვეული გზის შესახებ, თუმცა კი, დროის თვალსაზრისით ეს გზა სულ რამდენიმე წელს მოიცავს - 1962 წლიდან, ვიდრე მათ დაშლამდე, რადგან სერია “ილუსტრირებული ბიოგრაფიები” ცალკე ალბომად გვთავაზობს “ჯონ ლენონს”. როგორც მსოფლიო ლიტერატურის პროცესებს ვეხმიანებით და გვინდა, მათი თარგმანები ქართულ ენაზეც გამოვცეთ, ასევეა ეს ალბომები მსოფლიო ხელოვნების ისტორიისათვის. ვფიქრობთ, ამგვარი წიგნები აქტუალურია ქართულ სივრცეში, რადგან, რბილად რომ ვთქვათ, საქართველოში მუსიკალური გემოვნება დაბალია. ამგვარი პროექტების დანიშნულება ისიც არის, დააფიქროს მკითხველი და მათი გემოვნება უკეთესისკენ შეცვალოს. აქსიომაა - როცა წარსული იცი, აწმყო უკეთესი გამოგდის,” - ამბობს სერიის რედაქტორი ნინო გოგალაძე.
No comments:
Post a Comment