The Division Bell (განმყოფი ზარი) ჯგუფ პინკ ფლოიდის დღეისათვის უკანასკნელი სტუდიური ალბომი, რომელიც გამოვიდა 1994 წელს. იგი ჩაიწერა ჯგუფის გიტარისტ დევიდ გილმორის მოცურავე სტუდიაში "ასტორია". ბრიტანეთში ალბომი მოხვდა რეიტინგების პირველ ადგილზე. მისი გამოსვლის დღეს ჯგუფმა გამართა დღეისათვის უკანასკნელი მსოფლიო ტური, რომლის ერთ-ერთი კონცერტიც აღბეჭდილია ფილმში P•U•L•S•E, ხოლო ტურის საუკეთესო ჩანაწერები - ამავე სახელწოდების ალბომში.
სანამ ჯგუფში როჯერ უოტერსი იყო, დევიდ გილმორი ამტკიცებდა, რომ მუსიკა და ლირიკა გარკვეულ ბალანსშია ერთმანეთთან და ტექსტიც მუსიკაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო. ალბომის The Division Bell ატმოსფერო ამ მხრივ უფრო ორიენტირებული იყო ე.წ. სპეის როკზე, ჟღერდა უფრო მეტად როგორც Meddle და Obscured by Clouds. სიმღერების ტექსტები ეკუთვნის ჟურნალისტ პოლი სემსონს, რომელიც იმ პერიოდში დევიდ გილმორთან მეგობრობდა. მოგვიანებით ისინი დაქორწინდნენ.
ამ ალბომზე რიჩარდ რაიტი პირველად, 1973 წლის შემდეგ, ასრულებს მთავარ ვოკალს და პირველად, 1972 წლის შემდეგ აქვს საკუთარი სოლო-სიმღერა.
კომპოზიცია Marooned აღინიშნა გრემის ჯილდოთი, როგორც 1994 წლის საუკეთესო ინსტრუმენტული კომპოზიცია როკ მუსიკის ჟანრში. ეს დღემდე პინკ ფლოიდის ერთადერთი გრემის ჯილდოა - 2007 წელს მასზე წარდგენილი იყო დევიდ გილმორის კომპოზიცია Castellorizon (ალბომიდან On an island), მაგრამ მას ეს ჯილდო არ ერგო.
ყდა, ისევე როგორც პინკ ფლოიდის ალბომების ყდების უმრავლესობა, შესრულებულია სტორმ ტორგერსონის მიერ. მთავარ ფოტოსურათზე გამოსახულია ორი მექანიკური თავი, რომელიც ერთმანეთს აგრესიულად უყურებს. ისინი სპეციალურად გადაიღეს, კემბრიჯთან ახლოს, მინდორში, სადაც ფოტოსურათის რამდენიმე ვარიანტი დამზადდა. ამჟამად ეს თავები მოთავსებულია კლივლენდის როკ ენ როლის დიდების დარბაზში.
მთავარი ფოტოსურათი ვინილის ფირფიტაზე, კომპაქტ დისკზე და აუდიოკასეტაზე ერთმანეთისგან განსხვავებული იყო.
No comments:
Post a Comment